სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის მე-16 დაწესებულებაში მსჯავრდებულ დანიელ თორდიას პროტესტის ნიშნად მეოთხე დღეა პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს. პატიმარი კარცერშია მოთავსებული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მსჯავრდებული კარცერში სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა გელა მთივლიშვილმა მოინახულა.
37 წლის დანიელ თორდია, რომელსაც, მისივე თქმით, თაღლითობისა და ყაჩაღობის ბრალდებით 41 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ადვოკატის დანიშვნას და საქმის გადახედვას ითხოვს. მსჯავრდებულის განმარტებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
რუსთავის მე-16 დაწესებულების დირექტორის მოადგილის ბაქარ შარიძის ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმარს ყოველდღიურად ხვდება ექიმი და ამ დროისთვის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.