წაგებული არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას განაგრძობს, სადაც უმრავლესობას თავად ფლობს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, "ბათუმის" დინამო, რომელიც ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 1,5 თვის წინ გადასცა, ბათუმის მერიას დაუბრუნდა.
როგორც არჩევნებამდე გაცხადდა, აჭარის მთავრობა "ბათუმის დინამოს" გასხვისებას გეგმავდა, საუბარი იყო კლუბის აქციათა რამდენიმე პროცენტის განკერძოებაზე. აღნიშნული ქმედებით მთავრობა კლუბისთვის დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს და თანხას "ბათუმის დინამოს" შემდგომ განვითარებას მოახმარდა. სწორედ ამ მოტივით
აჭარის მთავრობამ "ბათუმის დინამო" ბათუმის მერიისაგან გადმოიფორმა და მისი ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის "კარპატის" ყოფილი მფლობელი, პიოტრ დიმინსკი "ბათუმის დინამოს" შეძენითაა დაინტერესებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიმინსკის ქონება 3 მლრდ დოლარადაა შეფასებული. გარდა საფეხბურთო ბიზნესინტერესისა, უკრაინელ მილიარდერს აჭარაში ტურისტულ ბიზნესში შესვლაც აინტერესებს. ამ დროისათვის ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს, მისი მომავალი მფლობელი კი ამ თანხის 3 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.
საფეხბურთო კლუბი შ.პ.ს. "დინამო ბათუმი" ყოფილი ბათუმის "დინამოს" ბაზაზე ბათუმის მერიამ 100%-იანი წილით 2008 წლის 2 აგვისტოს დააფუძნა.2009 წლის მდგომარეობით, კლუბის ბიუჯეტი 380 000 ლარით იყო განსაზღვრული,ხოლო 2010 წელს ეს თანხა 100 000 ლარით გაიზარდა. ამჟამად, კლუბს იჯარით აქვს აღებული შ.პ.ს. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "ადელის" სტადიონი და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა, სადაც ყველა პირობაა როგორც ფიზიკური ასევე თეორიული მეცადინეობებისთვის.