რუსთავში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა მე-5 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში 30 პატიმარი შიმშილობს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პატიმარმა ქალებმა ციხიდან აცნობეს, შიმშილობის აქციის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ამოქმედებას და საქმეების ობიექტურად განხილვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
პატიმრები ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებსაც მიმართავენ და მათგან დაწესებულებაში შესვლას ითხოვენ.
„მოშიმშილეთაგან სამი ინსულინზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. რამდენიმე ეტლს არის მიჯაჭვული, თუმცა ამის მიუხედავად ციხიდან არ უშვებენ. მესამე დღეა შიმშილობას ვაგრძელებთ და თუ ყურადღებას არ მოგვაქცევთ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მოშიმშილე ქალებს გუშინ მათივე თხოვნით „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე შეხვდა. ნანა კაკაბაძე ადასტურებს, რომ რამდენიმე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.