16 ოქტომბერს, გვიან ღამით, პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში სამი შეშისმჭრელი დააკავა. აფენში მცხოვრებ ახალგაზრდებს სოფელ მთისძირის ტყიდან ნაყარი შეშა მოჰქონდათ, ზამთარში გათბობის მიზნით.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ჯონი კობერიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, როცა ტყეში შეშის მოსაგროვებლად შესაბამისი ბილეთი არ ჰქონდათ, მეტყევეს, ვინმე ზაზას 20 ლარს აძლევდნენ, გუშინ კი ფული აღარ მისცეს, რის გამოც მეტყევე ჯერ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დაუკავშირდა, სააგენტოდან კი პოლიციას მიმართეს და ახალგაზრდები დააკავეს.
გვიან ღამით პოლიციის აფენის ქვეგანყოფილებასთან დაკავებულების ახლობლები შეიკრიბნენ. პოლიციამ შეშისმჭრელები მალევე გაათავისუფლა.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.