ერთი წუთითაც არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ არჩევნებზე მთავარი საკითხი იყო ის, რომ საზოგადოებას მოუნდა რაღაც ახალი, "გაჰყოლოდა კონკრეტულ დაპირებებს, მათ შორის, ძალიან ზოგადსაც".
"ერთი წუთითაც არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას, ჩვენ ახლა ვართ ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც უნდა გადავიდეს ფუნდამენტურ ოპონირებაზე, თუმცა არა ქვეყნის მიმართ, არამედ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. თვალი უნდა მივადევნოთ პროცესებს და ქვეყნისთვის სასარგებლოდ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ბერკეტი კი ბევრი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ პარლამენტში, ჩვენი ხმა ისმის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი. პარლამენტში შევიდა ორი დიდი პარტია, სხვა პარტიები არ არის წარმოდგენილი და ეს, თავისთავად, ნიშანდობლივი მომენტია იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობა სწორად გამოვიყენოთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა აჭარის უზენაეს საბჭოში.