"როგორც კი ჩაგვბარდება აქტი ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მხარეს მივმართავთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.
მისი განცხადებით, საფრანგეთს ივანიშვილის მხარემ "ქართული ოცნების" ლიდერისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე მიმართა.
"საფრანგეთის საელჩოსთვის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე მიმართული გვაქვს. წარდგენილი გვაქვს ყველა დოკუმენტაცია, მაგრამ მათი პასუხი ის იყო, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ შეუწყდება ბიძინა ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობა. ამდენად, როგორც კი ჩაგვბარდება აქტი ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მხარეს დამატებით დოკუმენტაციას წარვუდგენთ და ის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", _ განაცხადა თადუმაძემ.
თადუმაძის განცხადებით, ივანიშვილს სრული უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე პრემიერ-მინისტრი გახდეს.
"პარლამენტის დაგეგმილ სხდომასთან არანაირ კავშირში არ არის ივანიშვილის მოქალაქეობა. ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, უფლება აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყოს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, რაც ივანიშვილისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ ამოქმედდება.