"ალექსანდრე ანქვაბმა სწორედ ის განცხადებები გააკეთა, რასაც მისგან ამომრჩეველი და მისი მოქალაქეები ელოდნენ", _ ასე ეხმაურება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ანქვაბი აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებას გულისხმობს - ეს ილუზორული ოცნებაა და აქ სალაპარაკო არაფერია, ხოლო თუ "ქართული ოცნება" საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს - მაშინ ეს კარგი ოცნებაა და ამაზე ლაპარაში შეიძლება.
"ეს უნდა ეთქვა, აბა სხვა რა უნდა ეთქვა? - საქართველოში მივდივართ, ძალიან გვიყვარს ზაქარეიშვილი და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ზაქარეიშვილმა გაიმარჯვა და ახლა მოგვწონს საქართველოო?"_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს:
"მან თქვა ის, რასაც ელოდა მისი ამომრჩეველი და მისი მოქალაქე აფხაზეთში. ჩვენ კი განცხადებაზე კი არა, საქმეებზე უნდა ვრეაგირებდეთ - საქმეების კეთება უნდა დავწყოთ".
მინისრობის კანდიდატმა ლოზუნგი "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" მოიშველია.
"საქმე ლაპარაკის ნაცვლად" - იყო ასეთი ლოზუნგი ოდესღაც საქართველოში - აი, როგორც კი საქმეზე გადავალთ, მერე ვილაპარაკოთ", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების ტრაგედია არის ის, რომ ის განცხადებებზე რეაგირებს და არა საქმეებზე.
"ჩვენი ტრაგედია ქართული საზოგადოების ზოგადად ტრაგედია არის ის, რომ განცხადებებზე ვრეაგირებთ და არა საქმეებზე. მე ეს განცხადებები არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, რას გავაკეთებ და ჩემ მიერ გადადმულ ნაბიჯზე როგორ უპასუხებენ ისინი",_ აცხადებს ზაქარეიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.