"ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ოპოზიცია არასოდეს იქნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პრესკონფერენციაზე.
"არჩევნების შედეგების პატივისცემით და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლით "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პატივს სცემს დემოკრატიას, ხალხის აზრს და ქვეყნის მომავალს", _ განაცხადა ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური მუშაობის სტანდარტს შექმნის.
"დღეს ჩვენი ამოცანაა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, შევქმნათ ახალი სტანდარტი, ოპოზიციური მუშაობის სტანდარტი, რომელიც დაეფუძნება კანონის ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების დაცვასა და ერთგულებას. ამ ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, რა ფუნქციით გააგრძელებს მუშაობას ოპოზიციაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა", _ განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტია ქვეყნის ოპოზიცია არ იქნება.
"ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს იქნება ქვეყნის ოპოზიცია. რვა წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა მიგვეღწია ქვეყნის წარმატებისთვის. დღეს დადგა დრო, იგივე გავაკეთოთ, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი კვლავინდებურად იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის ზრუნვა", _ განაცხადა ბაქრაძემ.