საქართველო ბაჰამის თანამეგობრობასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს. როგორც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობაs (შემდგომში "მხარეებად" წოდებულნი) სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ თავიანთ შესაბამის ხალხებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობასა და მეგობრობას, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, წინამდებარე ოქმის ხელმოწერის დღიდან.
"მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
მხარეები თანხმდებიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ორ სახელმწიფოს შორის ეფუძნება 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებულ პრინციპებსა და მიზნებს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ სხვა ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფოთა შორის სუვერენულ თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობასა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას", - ნათქვამია ოქმში.