საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ ოქმშია აღნიშნული, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ.
"მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად", - ნათქვამია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმში.