"ჩვენ არ გაგვიხარდება არც ერთი მარცხი, არც ერთი ფეხის დაცურება და წაბორძიკება, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია არა ვართ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია "ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე.
"ვიცით, რომ ჩვენ შორის დიდი ფუნდამენტური განსხვავებებია. ძირფესვიანად განსხვავდება ჩვენი ხედვა - რა უნდა იყოს საქართველოს განვითარების ვექტორი და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. მაგრამ ამ საკითხშიც, თუ შეგვიძლია, ეს განსხვავება უნდა შევამციროთ, თუ არადა, ოპონირება უნდა იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: "ჩვენ არ გაგვიხარდება არც ერთი მარცხი და არც ერთი ფეხის დაცურება და წაბორძიკება. ეს არის ჩვენი ხედვა. ჩვენ არ ვართ ქვეყნის ოპოზიცია. სამშობლოს ოპოზიცია ვერ ვიქნებით. შეიძლება ვიყოთ ოპოზიცია მეორე პოლიტიკური ძალის, რაც არის ჯანსაღი პროცესი, პირველ რიგში, ამ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში".
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც არასოდეს, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა არის აქტუალური - ეს არის იდეა, რომელიც ეფუძნება ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას.
"ბოლო წლებში წარმოუდგენლად დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ესაა იდეა, რომელიც ეფუძნება აღმშენებლობას და ჩვენ არ გვჭირდება თავის მოწონება, ყველა თავად ხედავს რაც ხდება. თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობის შესაქმნელად კიდევ ბევრია გასაკეთებელი და არ ვიტყვი, რომ რომელიმე ამ მიმართულებით მუშაობა დავასრულეთ. ყველა მიმართულებით წინ წავიწიეთ და ეს იყო დასაწყისის დასაწყისი",_ განაცხადა სააკაშვილმა.