"ჩვენთვის როგორც პარტიისთვის ეს იყო განწმენდის, კათარზისის, განახლების, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს სიძლიერეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრაზე.
"ჩვენ, როგორც საზოგადოება, ძალიან წავიწევთ და დავწინაურდებით. ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის, ეს იყო განწმენდის, კათარზისის, განახლების, ახალი ეპატის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს სიძლიერეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს მივიღეთ სისტემა, როდესაც პარლამენტში არის მხოლოდ ორი ძლიერი პარტია.
"პირველად მოხდა დამოუკიდებლობის შემდეგ ასეთი სიძლიერის კონფიგურაციის ჩამოყალიბება. ჩვენი ამოცანა არ არის ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა. ვიმეორებ: მათ ვუტოვებთ არა მხოლოდ მნიშვნელოვან ბერკეტებს, ასევე დავუტოვებთ ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურს, რაც კი ოდესმე ჰქონია საქართველოს. არასდროს ამდენი მილიარდი არ ყოფილა საქართველოს ბიუჯეტში. ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს არის იმ მთავრობის წესიერი, ხელდაკაპიწებული მუშაობის შედეგი, რომ ჩვენ სახლში არავის არაფერი წავაღებინეთ. შევქმენით სისტემა, რომლითაც ყველაფერი ხმარდებოდა სახელმწიფოს. ბიუჯეტთან ერთად მთავრობას ძალიან კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუტებს ვუტოვებთ. ვუტოვებთ კარგ ინფრასტრუქტურას, ამიტომ ახლა მათ ეს ყველაფერი თავისი დაპირებების შესასრულებლად უნდა გამოიყენონ, რაც, იმედი გვაქვს, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ მოხდება",_ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, გამარჯვებული პარტია ყველაფერ ამას "იმ მოლოდინების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს, რაც ქართველ ხალხს სამართლიანად გაუჩნდა".
"ჩვენ გავიხარდება ყველა კარგი ნაბიჯი, რასაც ეს მთავრობა მრავალეთნიკური ქართველი ხალხის საკეთილდრეოდ გადადგამს",_ განაცხადა სააკაშვილმა.