ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის კანდიდატურა განიხილება, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა განიხილება.
საგანელიძის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, თუმცა არა ნიკოლაიშვილის სასარგებლოდ.
"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ სხვა კანდიდატებთან ერთად ბატონი ნოდარის, ბატონი გიორგის კანდიდატურები მინისტრობის პოსტზე განიხილება. ენერგეტიკის მინისტრის პოსტი თავისუფალი არ არის, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ეს ნიკოლაიშვილი არ იქნება და ამის შესახებ ინფორმაციას ხვალ მოისმენთ", _ განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძე უახლოეს მომავალში სამინისტროების გაერთიანებას არ გამორიცხავს.
"ყველა მინისტრს წარმოვადგენთ იმ სტრუქტურით, რომელიც დღეს დროებით არსებობს, ხოლო უმოკლეს ხანში მოხდება სერიოზული ცვლილებები: სამინისტროების გაერთიანებას ვგულისხმობ. ამიტომ ზოგიერთი მინისტრი შეიძლება დროებითი იყოს", - განაცხადა საგანელიძემ.