მოსკოვი საქართველოს ახალ მთავრობას მის მიერ გაკეთებული კონკრეტული საქმეებითა და რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ მიდგომებით შეაფასებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ველით ახალი მთავრობის ფორმირებასა და მის მიერ უფლება მოვალეობების შესრულების დაწყებას. ამის შემდეგ კი ჩვენ მათ კონკრეტული პრაქტიკული საქმეებისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ დაკავებული პოზიციის მიხედვით განვსჯით. ეს ეხება როგორც საქართველოს მთავრობის პოზიციას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიათან მიმართებაში",_ განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადრე გაკეთებული განცხადებით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში მოსკოვი საქართველოსთან მოლაპარაკების წარმოებას არ აპირებს.