2012 წლის 13 ოქტომბერს, დილის 08.35 საათზე №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 1961 წლის 7 მარტს დაბადებული, ბრალდებული რ.გ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სასწრაფო წესით, 2012 წლის 13 ოქტომბერს 08.05 საათზე, თბილისის №8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს, დიაგნოზით - გულის მწვავე უკმარისობა.
სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.