გორისა და ხაშურის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 და №32, გორის საარჩევნო ოლქის - №4 და №35, და ხაშურის საარჩევნო ოლქის -№ 3, №8, №10, №45 და №46 საარჩევნო უბნებში.
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით კი, სიღნაღის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი 9688 ხმით (48.01%) ლიდერობდა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატ გელა გელაშვილს 9665მა (47.89%) ამომრჩეველმა მისცა ხმა.
გორის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს ხმა მისცა 32 001-მა ამომრჩეველმა (46.43%), ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატს მალხაზ ვახტანგიშვილს - 32 497-მა (47.15%). ხაშურის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს მხარს უჭერდა 13 870 ამომრჩეველი (45.2%), ვალერი გელაშვილს კი - 14056 (45.81%).
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, განმეორებითი კენჭისყრის გამართვა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების იმავე შემადგენლობებს დაევალა, გარდა ორი უბნისა - -№13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 უბანში კენჭისყრას გამართავს იმავე ოლქის №31 საუბნო საარჩევნო კომისია, ხოლო №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის №45 უბანში - №7 საუბნო საარჩევნო კომისია.