ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე კვლავ ხაზგასმით აღინიშნა, რომ "კვლავინდებურად დიდი მნიშვნელობა აქვს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმებას აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის".
"შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაადასტურა თავისი მისწრაფება, ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონში მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას, რომელიც ყველა ამ მცხოვრები ხალხების ინტერესებში იქნება. აღინიშნა თბილისის მიერ არჩევნების წინა პერიოდში გამოგონილი კამპანიის ხასიათი, რომელიც მედიით იყო განხორციელებული და რუსეთის ფედერაციის სწავლებების "კავკაზ 2012"-ს ეხებოდა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ზაფხულში მიღებული რეზოლუციის გამო, რომელიც დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ თემატიკის ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას ისევ არ მიიღებენ.