საბიუჯეტო დაწესებულებებმა კომერციულ ბანკებს პრობლემები შეუქმნეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მთელმა რიგმა საბიუჯეტო დაწესებულებებმა ბანკებში საკუთარი ნაშთები გაანულეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ტოპ მენეჯერმა განაცხადა, ეს იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ საბანკო სექტორმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო.
"გატანილია არა მხოლოდ ნაღდი ფული, არამედ ჩატარებულია ცალკეული ოპერაციები. ფაქტია, რომ უმეტესი საბიუჯეტო დაწესეულებების ანგარიშები განულებულია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ტოპ მენეჯერმა.
მისვე თქმით, საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ განხორციელებულმა ოპერაციებმა მთელი რიგი ბანკების ლიკვიდურობას საფრთხე შეუქმნა.
"ეს მოხდა სისტემურად თითქმის ყველა ბანკში, თუმცა ამაზე საუბარს ამჟამდ ყველა გაურბის და ცდილობს ვითარების გადარჩენას. ცხადია, რომ ესაა ავნტიურა. ვიღაცამ საკუთარი მიზნებისთვის მოინდომა საქართველოს საბანკო სისტემის დანგრევა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შევძელით გარკვეული ღონისძიებების გატარება და სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან მოხდება სტაბილიზაცია", - განაცხადა მენეჯერმა.
მისვე თქმით, ამ ვითარებაში აბსოლუტურად მავნებლურად მოიქცა საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო.
"მავნებლური აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, მათ გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს იყო და არის საბანკო სექტორიში განხორციელებული უმსხვილესი ავანტიურა. თვით აგვისტოს ომის და სხვა მოვლენებისას არ აღმოჩენილა საბანკო სექტორი ასეთ რთულ ვითარებაში. თითოეული ბანკი შეეცადა დამოუკიდებლად ემოქმედა ვითარების გადასარჩენად, თუმცა ეს კრიზისი ჯერაც დაძლეული არაა. ის რომ ამაზე ღიად არავინ საუბრობს ხდება მხოლოდ ერთი მიზეზით, თუ დასახლედება ის ბანკები, რომლებიც ასეთ დღეში აღმოჩნდნენ მათ შეიძლება დამატებითი ფინანსური პრობლმები შეექმნათ და მერე ვითარების გადარჩენა უფრო გართულდება", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ტოპ მენეჯერი და დასძენს, - "კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა საჯარო განცხადებები კეთდება, ფაქტია რომ დარტყმა იყო და არის ძალიან მძიმე, თუმცა მომავალი კვირას ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას".