დიდ ბრიტანეთში შვიდი საზღვაო ქვეითი დააპატიმრეს. ისინი ავღანეთში სამხედრო სამსახურის დროს ავღანელის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაპატიმრებები სამეფო სამხედრო პოლიციამ განახორციელა, ინციდენტის გამო, რომელიც 2011 წელს მოხდა, მაშინ როდესაც მესამე სამეფო სამხედრო ქვეითი ბრიგადა ჰელმანდის პროვინციაში იყო ბაზირებული.
"გამოძიება გაგრძელდება. ეს დაპატიმრებები დემონსტრაციაა იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო გადამწყვეტადაა განწყობილი იმ საკითხის მიმართ, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა დაიცვან საბრძოლო მოქმედებების წარმოების ის წესები, რომლებიც ჩვენი სტანდარტებით არის განსაზღვრული", _ იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ამასთან ერთად, თავდაცვის უწყება დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება დეტალებზე საუბარი არამიზანშეწონილია.