ქვეყნის მომავალ მთავრობას, საქართველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, აღნიშნული თემა ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.
ფანჯიკიძის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პასუხი აღნიშნულ შემოთავაზებაზე მიღებული იქნება მთავრობის ფორმირების შემდეგ.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შემდეგ იქნება მიღებული.
"ჯერობით საკითხების შესწავლის სტადიაში ვართ და გადაწყვეტილება მიიღება გუნდური პრინციპით მომავალი პრემიერ-მინისტრის თაოსნობით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო მზად არის საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
"იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე შემოგვთავაზებს, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები დავიწყოთ," - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ბლოკის გამარჯვების შემდეგ, სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოსთან, შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს.