თბილისის "ჰელსინკის ჯგუფმა" 167 პირი პოლიტიკურ პატიმრად, 12 კი პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნო. როგორც თბილისის "ჰელსინკის ჯგუფის" თავმჯდომარემ ლალი აფიცაურმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, პირების პოლიტიკურ პატიმრად ცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი კრიტერიუმებით მოხდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, პოლიტიკურ პატიმართა სია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფი პირები ნებისმიერი კანონიერი მეთოდით უნდა გათავისუფლდნენ.
თბილისის "ჰელსინკის ჯგუფმა" პოლიტიკურ პატიმრებად ცნო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ბიწაძე, ბიძინა გიორგობიანი, ნორა კვიციანი, ზურაბ შალიკიანი.
მისივე თქმით, სიაში არიან გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირები: იგორ გიორგაძის საქმე, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის 9 აპრილის მოვლენები, მუხროვანის ინციდენტი, 2011 წლის 26 მაისის მოვლენები და ყინწვისის საქმე.