საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამინისტრომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრივატიზაციის პროცესი შეაჩერა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეაჩერა ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება.
„საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 20 ივლისს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინტერჰელს კანადა ლიმიტედს შორის გასულ წელსვე გაფორმდა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქონების პრივატიზების ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობაა კლინიკის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება და მის ბაზაზე თანამედროვე საავადმყოფოს შექმნა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ტექნიკური წინაპირობები, რომელთა შესრულების შემდეგ ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. ამ ეტაპისთვის ტექნიკური წინაპირობების შესრულების პროცესი არ დასრულებულა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში ინვესტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. ამავე მიზეზით მყიდველის მიერ არ გადახდილა საპრივიტიზებო საფასური"- აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ დღეს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრივატიზების პროცესის შეჩერება მოითხოვა.. როგორც ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კონტრაქტი ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთანაა გაფორმებული.
"სხვადასხვა წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ კონტრაქტი გაფორმებულია ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან. კონტრაქტის მიხედვით, ჯერჯერობით თანხა გადახდილი არ არის"- განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე დაუშვებლად მიიჩნევს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრივატიზაციას.
"მე როგორც ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ხელძღვანელობას, შეაჩერონ პრივატიზაციის პროცესი, რადგან "რესპუბლიკური საავადმყოფო" არის ყველაზე დიდი კერა ექიმებისა და სტუდენტების მომზადებისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.