დღეს, 10 ოქტომბერს, პოეტ ტერენტი გრანელის გარდაცვალებიდან 78 წელი შესრულდა. პოეტი 1934 წლის 10 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.
ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია) 1898 წლის 3 ივნისს წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის, სამსონ კვირკველიას ოჯახში დაიბადა. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას.1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო ''ნუცუბიძის კურსების" სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს.
ტერენტი გრანელმა თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: "სამგლოვიარო ხაზები", 1921; "სულიდან საფლავები", 1922; "მემენტო მორი", 1924; "ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1926 წლიდან თითქმის არც ერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს. მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80-იანი წლებიდან ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1924 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი "ტერენტი გრანელი". ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც გამოიქცა და თბილისში, "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა. დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. წლებს შემდეგ მიტოვებული საფლავი პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა აღმოაჩინა, გაასუფთავა და წლების განმავლობაში პატრონობდა. 1987 წელს ტერენტი გრანელის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.