"ივანიშვილის შეფასება უფრო მეტად პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეფასებას ჰგავდა, ვიდრე იმ ადამიანის, რომელმაც უნდა დაიკავოს ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრის კომენტირებისას.
კუბლაშვილი, მხარეებს შორის შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.
"მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელის, შეხვედრა გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლებთან. მოვისმინეთ პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო მოღვაწის შეფასებასთან. მეორე მხრივ, მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის შეფასება, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეფასებას ჰგავდა, ვიდრე იმ ადამიანის, რომელმაც უნდა დაიკავოს ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა. ვისურვებდი, ამ მიმართულებით, უფრო მეტად წარმოჩნდეს მისი ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და პოზიცია უფრო მეტად იყოს სახელმწიფოებრიობის განცდასთან დაკავშირებული", _ განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრას "ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა წარმოადგენდნენ.