ნათია მოგელაძის უწყების მიერ უკანონო შემოწირულობაში დადანაშაულებული "ქართული ოცნების" წევრები ქონებას იბრუნებენ. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, "ბურჯი" თავის მეპატრონეს დაუბრუნდება. ხოლო ქონების იმ ნაწილზე, რომელიც უკვე ელეტრონულ აუქციონში გამარჯვებული სუბიექტის მიერაა გაყიდული, მისი კომპენსირება მოხდება და სახელმწიფო ძირითად მფლობელს ფულად კომპენსაციას გადაუხდის.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონმდებლობით უწყებას აქვს უფლება, ბათილად ცნოს შპს "გამას" მიერ "ბურჯის" ქონების შესყიდვა. ხოლო ქონების ნაწილი , რომელიც "გამამ" უკვე გაასხვისა, ანაზღაურდება ფულადი კომპენსაციით.
შპს "ბურჯის" 2 აგვისტოს აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა და იგი კომპანია "გამამ" იყიდა. როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებდნენ, შპს "ბურჯის" ქონებაზე დაინტერესება დიდი იყო და ინტერნეტაუქციონის მეშვეობით ქონების შესასყიდად რამდენიმე მომხმარებელი ვაჭრობდა. ქონებაზე საწყისი ფასი იყო 5.153.831 ლარი და 50 თეთრი.
შპს "ბურჯი" აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისთვის, ასევე, კოალიციის ოფისებით შეღავათიან ფასებში გარემონტებისთვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.