შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, ციხიდან 11 ოქტომბერს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამაზ თამაზაშვილის შვილმა ალექსანდრე თამაზაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც თამაზ თამაზაშვილსა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს იხდის 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.
განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეების მიერ შემოტანილ იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე.
სასამართლომ მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა მისი უფლებები, შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობა, ამასთან, მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა და პროკურორმა) სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.
უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა",- ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა თამაზ თამაზაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვას და ტარებას ითვალისწინებს. თამაზ თამაზაშვილი დანაშაულს არ აღიარებდა.