30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანის ოჯახის ადვოკატი, „ქართული ოცნების" იურისტი ლოლა ტუსაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მოკვლეული მასალებიდან ბავშვის მკვლელობის პოლიტიკური ვერსია იკვეთება.
"ოჯახს ვიღაც მიუგზავნეს, რომ ბავშვი გაეყვანა. შემდეგ დაურეკავდნენ გადაბირების მიზნით, მოსალაპარაკებლად, რომ არჩევნებზე ჩვენს მხარეს გადმოდიო. მიგზავნილმა სახლიდან ბავშვის გაყვანა ვეღარ მოასწრო იმიტომ, რომ დედა მალევე ჩამოვიდა აივნიდან, სადაც საჭმელს მიირთმევდა და როცა ნახა, რომ ბავშვი აღარ იყო, ყვირილი დაიწყო. მარანში კი არ შევარდა, ქმარს დაუძახა, პალიკო მიშველე, ბავშვი აღარ არისო. ამასობაში, ბავშვს ტირილი რომ არ დაეწყო, სავარაუდოდ, იმ ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა. ბავშვი გაეგუდა და მერე ჩააგდო ქვევრში. დაანებონ თავი დეიდას და ბიძას", - განუცხადა ლოლა ტუსაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
მისივე თქმით, ბავშვის მოკვლას დეიდას და ბიძას აბრალებდნენ და ეს ინფორმაცია მკვლელობის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
"სინამდვილეში დეიდა და ბიძა ტრაგედიის დროს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. ვიღაცამ უთხრათ, თქვენს უბანში ავარია მოხდა, ხალხია შეგროვილიო და სახლში გამოქცეულან. შემთხვევის დროს სახლში იყვნენ მხოლოდ ბებია, პაპა, ბავშვის დედა და მამა. იცით როგორ მოხდა დეიდისა და ბიძისთვის მკვლელობის დაბრალება? 1 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ზუსტად ერთსა და იმავე დროს, ორიდან სამი საათის შუალედში, ყველა საუბნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ვინც იყვნენ, ტელეფონზე მიიღეს ზარები, უბანზე გაევრცელებინათ ჭორი, რომ თურმე 10 თვის ბავშვი დეიდას ან ბიძას შემოაკვდა. ეს ჭორი ინტერნეტშიც კი გაავრცელეს", - აღნიშნავს ლოლა ტუსაშვილი. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის, მასალები ლაბორატორიულ გამოკვლევაზეა გაგზავნილი.
„ვისზედაც ეჭვს გამოთქვავდნენ, ჯერ მარტო ერთი ადამიანია დაკითხული, რომელიც ოჯახის ახლობელია. ბარბარეს დედა კიდევ ორ პირს ასახელებს. გამოძიებას ისინი ჯერ არ დაუკითხავს. დანარჩენი მოწმეები უკვე დაკითხეს. მოკვლეული მასალებიდან იკვეთება გოგონას მკვლელობის პოლიტიკური ვერსია", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, საღამოს, 10 თვის ბარბარე რაფალიანი, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით, გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.