კომპანია" რომპეტროლმა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის „პეტრომიდიას" მოდერნიზაცია დაასრულა, წარმოება ერთმნიშვნელოვნად ევრო 5 სტანდარტზე გადაიყვანა და არსებული წარმადობა 3,8 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაზარდა. პროექტის ინვესტიციის მოცულობამ, საბოლოო ჯამში 380 მილიონი დოლარი შეადგინა.
კომპანიის მენეჯმენტის განცადებით, „პეტრომიდია" „ყაზმუნაიგაზისა" და „რომპეტროლის" ერთ-ერთ უმთავრეს აქტივს წარმოადგენს, ვინაიდან ქარხნის აღჭურვილობა ტექნოლოგიურად საშუალებას იძლევა ყაზახეთის მიერ მოწოდებული ნავთობი მთლიანად ევრო სტანტარტის დონეზე გადაამუშაოს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტის დასრულება პირდაპირ კავშირშია „ყაზმუნაიგაზის" გეგმების განხორციელებასთან, განავითაროს ნავთობის ექსპორტის გზები ევროპასთან, ასევე შავიზღვისპირეთის და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებთან და შექმნას მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი ჭაბურღილიდან მომხმარებლამდე.
„სრული სახსრებიდან 170 მილიონი დოლარი სისტემების ინტეგრირებისთვის დაიხარჯა, რამაც ქარხნის წლიური წარმადობა 1,5 მილიონი ტონა დიზელის წარმოება 2.5 მილიონ ტონამდე აიყვანა. ამასთან კომპანიამ დანერგა ახალი პროექტები ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურების სფეროში, კერძოდ შავ ზღვაში ახალი ტერმინალის მშენებლობის სახით, რომელსაც სამჯერ მეტი გამტარობა ექნება. ასევე პროექტი განხორციელდება იმპორტ-ექსპორტის ტერმინალის და ნავთობისა და მზა პროდუქტების სარეზერვუარო პარკის რეაბილიტაციის მიმართულებითაც. რაც შეეხება ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებს, ამისათვის კომპანიამ უკვე გამოყო 50 მილიონ დოლარზე მეტი. ეს თანხა მთლიანად ეკოლოგიური პროგრამების დანერგვას, ასევე ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით ევროპაში არსებულ მოთხოვნებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნას მოხმარდება" - აცხადებს „ყაზმუნაიგაზის" გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დანიარ ბერლიბაევი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოდერნიზაციის პროექტის დასრულება „რომპეტროლის" განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლის საფუძველს წარმოადგენს, ეს ხელს შეუწყობს „რომპეტროლს" უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ასევე, გაიმყაროს პოზიციები და გაზარდოს ქსელი ისეთ ახლადათვისებულ ბაზრებზე, როგორებიცაა თურქეთი და უკრაინა.
ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე შვიდი წელია მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს."რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსი 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.