გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების" ყვარლის შტაბის სარჩელი, რომლითაც კოალიცია ყვარლის საარჩევნო ოლქში ხუთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ქევხიშვილმა განუცხადა, ყვარლის ხუთ უბანში არჩევნები ბათილად იმ მიზეზის გამო უნდა გამოცხადდეს, რადგან საარჩევნო უბნებზე სპეციალურ სიებში ჩაწერილ ამომრჩეველს უფლება არ ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. საუბარია საკონტრაქტო სამხედრო პირებზე, რომლებიც ყვარელში დაღესტნის სასაზღვრო პერიმეტრს იცავენ.
ყვარლის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევიათ და საჩივარი უსაფუძვლო იყო.
დავით ქევხიშვილის განცხადებით, გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების" იურისტები შეისწავლიან და კოალიცია ამის შემდეგ სარჩელს სააპელაციო სასამართლოში წარადგენს.
ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ყვარელში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა 9 927 ხმა მიიღო (50,15%), ხოლო დავით ქევხიშვილმა 9 122 ხმა (46.08%).