დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" სარჩელი, რომლითაც კოალიცია დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში 10 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.
პროცესს „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლექსო თამაზაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაზა კედელაშვილიც დაესწრნენ. მოპასუხე მხარეს ცესკოს თანამშრომელი ვანო პეტრიაშვილი წარმოადგენდა, რომელსაც სოფელ ვაქირის მე-5 საარჩევნო უბნის კომისიის წევრები ჩანაწერთა წიგნში არსებული მონაცემების გადასწორებასა და კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ.
სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ზურაბ ჯიბღაშვილმა დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის 1-ელი, მე-4, მე-9, მე-11, მე-13, მე-15, მე-17, მე-18, მე-19 და 22-ე უბნების მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგების გაბათილება, აღნიშნულ უბნებზე მიღებული შედეგების გასაჩივრებაზე საოლქო საარჩევნო კიმისიის მიერ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობა და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.
„მე-17 უბანზე არ არის მითითებული ბეჭდის ნომერი, წერია მხოლოდ წელი. მე-19 უბანზე, საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენი მეტია არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე. ახსნა-განმარტება შედგენილი არ არის შესაბამისი სუბიექტის მიერ და არ აქვს მითითებული შედგენის თარიღი და დრო. დისბალანსია მე-15 და მე-17 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული ამომრჩევლების რაოდენობას შორის. მე-15 უბანზე ეს სხვაობა 17 ამომრჩეველია, მე-17-ზე კი 13, ოქმში კი ორივე სიაში ხელმომწერთა რაოდენობა ერთიდაიგივეა. მე-18 უბანზე სოფლის რწმუნებული არტაკ აივაზიანი ამომრჩეველს აშინებდა დახმარების მოხსნით, სამსახურიდან დათხოვნით, თუ ღიად არ შემოხაზავდნენ არჩევანს. 1-ელ უბანზე ირღვეოდა ფარულობა, ზოგი კაბინაში ტელეფონით იღებდა საკუთარ არჩევანს, ზოგი აჩვენებდა შემოხაზულ ბიულეტენს. მე-13 უბანზე 08:15 საათზე ჩავარდა საკონტროლო ფურცელი სარჩევნო ყუთში, ჩანაწერთა წიგნში გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობაში წერია 0, გამოუყენებელი კონვერტების რაოდენობაში მითითებულია სხვა ციფრი და შემდეგ გადაკეთებულია ნულად. ასევე მიღებული ბიულეტენების რაოდენობაა 700, ამომრჩეველთა რაოდენობა 501, თუ გამოუყენებელი ბიულეტენები ნულია, მაშინ სად წავიდა 199 ბიულეტენი? 22-ე უბანზე ამომრჩეველი ზემოქმედებას ახდენდა ამომრჩევლების ნებაზე და შეჰყვებოდა მათ კაბინაში," - განაცხადა ზურაბ ჯიბღაშვილმა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ვანო პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ 22-ე უბანზე ვენერა მარტყოფლიშვილი სპეციალურად იყო მიწვეული, რომ მოქალაქეებს დახმარებოდა და ამით „მადლს ისხავდა".
„უბანზე დასახმარებლად მიწვეული იქნა პირი, რომელიც ამომრჩეველს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემსახურებოდა. ის არ განეკუთვნებოდა პირს, რომელსაც ეკრძალება ამომრჩევლის დახმარება, ეს ქალბატონი დიდ მადლს ისხავდა და ამომრჩეველს ეხმარებოდა," - აღნიშნა ვანო პეტრიაშვილმა.
მოსარჩელე მხარემ პროცესზე 22-ე უბანზე არსებული დარღვევის ამსახველი კადრებიც წარმოადგინა, სადაც დაფიქსირებულია როგორ შეჰყვება კაბინაში ამომრჩევლებს ქალბატონი და როგორ ხაზავს ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის ნომერს. მოსამართლე აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს მხარეებთან ერთად გაეცნო.
ვანო პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს ახალი დადგენილების მიხედვით, უბანზე გადაღება შესაძლოა მოხდეს განსაზღვრული ადგილიდან და ისე, რომ ჩანდეს მხოლოდ საარჩევნო ყუთი. სხვა გზით მოპოვებული მტკიცებულებები კანონსაწინააღმდეგოა და არ შეიძლება იურიდიული ძალა გააჩნდეს.
ამასთან, ვანო პეტრიაშვილმა მოითხოვა, რომ მოსარჩელე მხარის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილებულიყო: „სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე მხარის პრეტენზია შეეხება უბნებზე კენჭისყრის პროცედურის დროს არსებულ დარღვევებს, უბანზე საჩივარი უნდა დაიწეროს დარღვევის დაფიქსირებისთანავე. კენჭისყრის დასრულების და ხმის დათვლის შემდეგ წარდგენილი საჩივარი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. თქვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ უბანზე და შეეძლოთ დაეფიქსირებინათ დარღვევის ფაქტები. ასევე, ადმინისტრაციული აქტი ბათილია თუ კანონდებლობას ეწინააღმდეგება ან დარღვევით არის გამოცემული, აქედან გამომდინარე ბათილობის საფუძველი არ არსებობს," - აღნიშა პეტრიაშვილმა.
პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ მე-18 საბათლოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლამზირა სურმანიძე და ამომრჩეველი ლია ოსებიანი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ უბნებზე დარღვევებს ჰქონდა ადგილი.