საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქსტატში შვედი სტატისტიკოსების ვიზიტი მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს საქსტატის თანამშრომელთა ტრენინგს პროგრამულ უზრუნველყოფა PC-Axis-ში.
ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ინფორმაციის მომხმარებლებს შექმნან საკუთარი მონაცემთა ბაზები და დაცული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ცხრილები ამ ბაზებში, ხოლო შემდეგ გადაიყვანონ ეს ცხრილები სასურველ ფორმატში, წარმოადგინონ ინფორმაცია გრაფიკული სახით და ა.შ. პროგრამის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით. საქსტატი ერთადერთი უწყებაა საქართველოში, რომელიც ამ პროგრამის უვადო ლიცენზიას ფლობს.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.