დღეიდან შედგება კომინიკაცია მოქმედ მინისტრებსა და მომავალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"დღეს შედგა მეორე შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ ხელისუფლების გადაცემის საკითხებზე. როგორც იცით, კოალიცია ქართულმა ოცნებამ, გამოაცხადა მინისტრობის კანდიდატები. ჩვენ შევთანხმდით, რომ საღამოდან შედგება კომუნიკაცია მოქმედ მინისტრებსა და ჩვენს კანდიდატებს შორის, ასევე ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის. დღეს საღამოდან დაიწყება სამუშაო პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სამინისტროში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მივლენ ჩვენი წარმომადგენლები. ეს არ იქნება არანაირი ფორმალური სტატუსის მქონე ხალხი, ისინი არ ჩაერევიან არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი შესწავლიან მიმდინარე ვითარებას თითოეულ სამინისტროსა და უწყებაში. გაეცნობიან კადრებს, გაეცნობიან საბიუჯეტო საკითხებს, და მომდევნო 2 კვირის განმავლობაში იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები", - განაცხხადა უსუფაშვილმა.
მისვე თქმით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის სხდომის ქუთაისში გამართვისა და მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის საკითხიც.
"ვისაუბრეთ ასევე საპარლამეტო სხდომის ჩატარებაზე, რომელიც ქუთაისში უნდა ჩატარდეს და ვისაუბრეთ ასევე სხვა საკითხებზე. ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე, როგორც გაცხადებული იყო, მუშაობა მიმდინარეობს. არაფერი გადაწყვეტილი არ არის და გამორიცხული არ არის ეს შეხვედრა მალე შედგეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ასევე განმარტა ეროვნულ ბანკთან და აუდიტის სამსახურთან დაკავშირებებლი საკითხი და აღნიშნა, რომ ეს ორი თანამდებობა არ არის სამთავრობო ნომენკლატურა.
"ეს ხალხი, ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და აუდიტის სამსახურის უფროსი მთავრობასთან ეთად არ ტოვებენ პოსტებს. აქ სხვა პროცედურებია გასავლელი. ჩვენი მხრიდან მათი კანდიდატურების დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სარგებლობენ იმ სტატუსით, როგორც მინისტრობის კანდიდატები", - განაცხადა უსუფაშვილმა.