კომპანია "ზედაზენის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალკეული მედია საშუალებებით, კომპანია „ზედაზენთან" დაკავშირებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების გარკვეული ნაწილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვსურს ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ კომპანიას საერთო არაფერი არ აქვს 2007 წელს, საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობის ქონების გარშემო მომხდარ მოვლენებთან.
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ" 2011 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა 25 ჰექტარი მიწის ფართი. ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პირობის თანახმად კომპანია ვალდებული იყო განეხორციელებინა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის" მიერ, დღემდე განხორციელებულია 70 მილიონი ლარის ინვესტიცია. ჩვენ შევქმენით მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა, რომელშიც დასაქმებულია 700-მდე ადამიანი, რომელთაგან 200 იძულებით გადაადგილებული პირია.
მოგმართავთ თხოვნით, ყველა დაინტერესებულ პიროვნებას და ორგანიზაციას, ყველა მედია საშუალებას - ჩვენი კომპანია ღიაა და მზად არის პასუხი გასცეს ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო კითხვას, როგორც აღნიშნულ, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.