კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატად გურამ ოდიშარია წარადგინა.
გურამ ოდიშარია კოალიციის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, თუმცა მაჟორტარულ ოლქში მან გამარჯვება ვერ შეძლო.
გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს სოხუმში. სოხუმშივე დაამთავრა საშუალო სკოლა და აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ის 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელე სცენარების ავტორია. მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიეს მისმა რომანებმა: "შავი ზღვის ოკეანემ", "სოხუმში დაბრუნებამ" და "პრეზიდენტის კატამ". ასევე პოპულარული იყო მისი პიესა "... ზღვა, რომელიც შორია", რომელიც დადგა ცნობილმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. ის დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობის, გამომცემლობა "ლომისის", საქართველოს თეატრალური საზოგადოების, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიებით. ასევე, ა. ჩეხოვის ოქროს მედლითა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემიით "ოქროს ფრთა". მისი ნაწარმოებები თარგმნილია ათ ენაზე.