დაუდგენელმა პირებმა მაგისტრალური გაზსადენიდან მილის მოპარვა სცადეს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 98-ე კილომეტრზე, ზუგდიდთან ახლოს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაზსადენიდან მილის მოპარვა სცადეს. შემთხვევის დროს გაზსადენი წნევის ქვეშ იმყოფებოდა, რის შედეგადაც მოხდა აალება.
გაზსადენის ოპერატორმა - გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. აგრეთვე, კომპანიამ დაიწყო დაზიანების ლიკვიდაცია.
აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილამდე დასრულდება. მომხდარის მიუხედავად, ზუგდიდის გაზმომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.