სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ბონდარენკომ არ დააკმაყოფილა საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მხარე სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას იმ ოქმის საფუძველზე ითხოვდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს დაურიგდათ.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილმა განმარტა, მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია ორი კვირის ვადაში დანიშნოს განმეორებითი კენჭისყრა ვაქირის N მე-5 საარჩევნო უბანზე .
„ქართული ოცნება" სადავოდ ხდის N5 ვაქირის საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ცესკო-ს ვებგვერდზე ატვირთული აღნიშნული უბნის ოქმის მიხედვით, ლევან ბეჟაშვილს 436 ხმა აქვს მიღებული, გელა გელაშვილს კი 146. ოქმი 2 ოქტომბრით, 01:25 საათით არის დათაღირებული, თუმცა მას კომისიის 5 წევრის ხელმოწერა არ აქვს.
არსებობს ვაქირის მე-5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მეორე ოქმიც, რომელსაც კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, ბეჭდითაც დამოწმებულია და რომლის მიხედვითაც ლევან ბეჟაშვილს 207 ხმა აქვს მიღებული, ხოლო გელა გელაშვილს 377 ხმა. არჩევნების შედეგების ამ ოქმით შეჯამების შემთხვევაში, საერთო ჯამში ლევან ბეჟაშვილი 9 895 ხმას იღებს, ხოლო გელა გელაშვილი 10 042 ხმას.
მასალის გამოყენების პირობები