ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" დედოფლისწყაროში 10 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
"ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს შტაბის წარმომადგენლის ნიკოლოზ ხუციშვილის განცხადებით, სხვადასხვა ტიპის დარღვევებია დაფიქსირებული 1-ელ, მე-4, მე-9, მე-11, მე-13, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 22-ე საარჩევნო უბნებზე.
„მოსახლეობას შანტაჟის ძალით აიძულებდნენ 5-იანი მოეხაზათ. ზოგან ყუთში ბიულეტენები მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩევლის ხელმოწერა იყო სამაგიდო სიებში. მე-17 უბანზე, კომისიის წევრის ბეჭდის ნომერი შემაჯამებელ ოქმზე არ ემთხვევა იქ აღნიშნულ ბეჭდის ნომერს. 22-ე ხორნაბუჯის საარჩევნო უბანზე კი „ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორი 40 წუთის განმავლობაში ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში შეჰყვებოდა და არჩევანს „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ თვითონ აკეთებდა. გამოვლენილია კიდევ სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რის საფუძველზეც მოვითხოვთ ამ უბნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნიკოლოზ ხუციშვილმა.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ზაზა კედელაშვილმა გაიმარჯვა 49,67%-ით (6 895 ხმა). ამომრჩეველთა ხმების 47,56% (6 603 ხმა) მიიღო „ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე თამაზაშვილმა. კედელაშვილი თამაზაშვილს 292 ხმით უსწრებს.