„ქართული ოცნება" ყვარლის N16 საარჩევნო ოლქში 4 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით ქევხიშვილის თქმით, ყვარლის მე-5, შილდის 22-ე, საბუის და ახალსოფლის საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართეს.
„სარჩელი შევიტანეთ საარჩევნო უბნებზე სპეციალურ სიებთან დაკავშირებით. სამხედრო მოსამსახურეებს და პრეზიდენტის დაცვის წევრებს უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მაჟორიტარულ არჩევნებში, იქიდან გამომდინარე, რომ ყვარლის რაიონის მაცხოვრებლები არ იყვნენ. ამ უბნებზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ვითხოვთ. ვამზადებთ კიდევ სხვა ტიპის საჩივრებს, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ეხება. ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ და მას სასამართლოში რამდენიმე დღეში შევიტანთ", -განუცხადა დავით ქევხიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ყვარელში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა 9 927 ხმა მიიღო (50,15%), ხოლო დავით ქევხიშვილმა 9 122 ხმა (46.08%).