კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გურჯაანის საარჩევნო ოლქის 3 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის უფროსმა გიგა ბერაძემ განუცხადა, კოალიცია მე-19 ჩუმლაყის, 50-ე ვაჩნაძიანის და მე-15 ველისციხის საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
„მე-19, 50-ე და მე-15 უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა, კერძოდ ორ უბანზე რეგისტრატორებს ამოვუღეთ წინასწარ მოხეული, გამზადებული ბიულეტენები, ერთ უბანზე კი 300 ბიულეტენიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მხოლოდ 274 ბიულეტენი დააფიქსირეს. ამიტომ სასამართლოს მივმართეთ და ამ უბნების შედეგების გაბათილებას ვითხოვთ," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიგა ბერაძემ.
ცესკოს მონაცემებით, გურჯაანის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობა 37 338-მა ამომრჩეველმა მიიღო. მაჟორიტარულ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი 51,29%-ით (18 596 ხმა) ლიდერობს, „ქართული ოცნების" კანდიდატს მანანა ბერიკაშვილს 15 810 ხმა (43,6%) აქვს. პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმების 49,33% (17 944 ხმა) მიიღო, „ქართულმა ოცნებამ" კი 45,0% (16 378 ხმა).