დღეს, 6 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბაქრაძის ქ.#13 -ში განახლდება პროექტის - "20/წელი/12 თვე" - მე-10 ფილმის გადაღება.
ფილმის რეჟისორია გიორგი აბაშიშვილი, სცენარისტი აკაკი სურმავა, ოპერატორი ერეკლე მუმლაძე, მხატვარი შორენა ფსუტური. მონაწილეობენ მსახიობები: თამარ სხირტლაძე, დარეჟან ხარშილაძე.
ფილმის სამუშაო სათაურია "დღე პირველი".
სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი, 80 წლის ანა ბებია სკოლის ფორმით შეიმოსება და შინიდან გაიპარება. სკოლისკენ მიმავალ გზაზე ის თავის ბავშვობას - 6 წლის ანას შეხვდება. ანა ბებიას შვილები კი მის ძებნას იწყებენ.
შეგახსენებთ, "დღე პირველი" თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის "20/წელი/12 თვე" მეათე მოკლემეტრაჟიანი ფილმია. სულ წლის ბოლომდე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები 12 მოკლემეტრაჟიან ფილმს შექმნიან, რომლებიც შემდგომში ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი თიბისი ბანკის დაბადების დღეს, 17 დეკემბერს იხილავს.
პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი, ნანა ჯანელიძე.