"დემოკრატიული მოძრაობა" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას ცინიზმად აფასებს.
"ცინიკური და სამარცხვინოა იმ სასამართლოს თავმჯდომარისგან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა და ქართული მართლმსაჯულება მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანად აქცია", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, კუბლაშვილის სასამართლომ საკუთარი უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ათასობით ადამიანი უდანაშაულოდ გამოამწყვდია საპატიმროებში, სადაც მათ დიდ ნაწილს სასტიკად აწამებდნენ.
"სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებს არ მოუსმენიათ ბატონი კუბლაშვილისგან ასეთი შეშფოთება და არც მის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები უნახავთ მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესებზე პროკურორებისგან მოსამართლეები ტელეფონით იღებდნენ დირექტივებს და მხოლოდ პროკურირების მოთხოვნებს იზიარებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
"დემოკრატიულ მოძრაობას" იმედი აქვს, რომ უმოკლეს ვადაში ქვეყანაში შეიქმნება რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების გარეშე, სამართლიანად გაასამართლებს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მათ შორის, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს დღევანდელ თავმჯდომარესაც.