"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან დიპლომატური კორპუსის წინაშე გააკეთა, სადაც სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.
"სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ის პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის ანგარიშში არაერთხელ აისახა. "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ხელისუფლება შესაძლებელს გახდის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას ქვეყანაში და არ დაუშვებს რაიმე სახის ჩარევას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა წარმატებული დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ქართველმა ხალხმა კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი დემოკრატიას დაუჭირა", - აღნიშნულია განცხადებაში.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეხმიანება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, სადაც იგი მოსამართლის დაჯარიმებაზე საუბრობს და აღნიშნავს: "ჩვენ ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამ ადამიანს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება".
"42-ე მუხლი" მიიჩნევს, რომ დაუშვებელია წინასწარი განცხადების გაკეთება იმ საქმის შედეგებზე, რომელზედაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
"ამ სენსიტიურ და გარდამავალ პერიოდში, როდესაც სასამართლოებში იხილება საარჩევნო დავები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები კანონის თანახმად თავისუფალნი არიან, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
"42-ე მუხლი" მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ პირს, გადაწყვეტილებების მიღებამდე არ გააკეთონ წინასწარი განცხადებები მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარული ზომების მიღების შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.