რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, _აღნიშნულის შესახებ განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 3 ოქტომბერს სასჯელაღსრულების რუსთავის #17 დაწესებულებიდან განხორციელდა რამდენიმე მსჯავრდებულის გადაყვანა რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
"გადაყვანილი პატიმრების, ა.შ.-ს და კ.კ.-ს საკარანტინე ნაწილიდან საკანში განთავსების შემდგომ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ და საკანში მანამდე მყოფ პატიმრებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც ა.შ.-მ და კ.კ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. თავად დაზარალებული პატიმრები აცხადებენ, რომ დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებს მაშინვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება (მათ შორის ერთერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა) და ამ მომენტისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან დაზარალებული პატიმრების ოჯახის წევრებიც.
როგორც სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაპირისპირება გამოწვეული იყო პატიმრებს შორის არსებული ძველი კონფლიქტით.
"მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, წარსულში კონფლიქტის მქონე პატიმრები რატომ მოხვდნენ ერთ საკანში და ხომ არ ჰქონდა ადგილი სასჯელაღსრულების სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, რამაც განაპირობა მსგავსი კონტიგენტისა და ურთიერთდაპირისპირების მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება", _ნათქვამია განცხადებაში.