. ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი მიხეილ ამაშუკელი, მიხეილ მესხი და გაგა ამბროლაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. წინასწარი პატიმრობა პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაუქმდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები თეა წულუკიანი და ეკა ბესელიაც ესწრებოდნენ. თეა წულუკიანის განცხადებით, მოსამართლე ლევან თევზაძემ დღეს პირველად გაბედა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
„ივნისიდან მოყოლებული, ეს ახალგაზრდები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. დღეს როგორც იქნა მოსამართლემ გაბედა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მას ეს გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო",- განაცხადა წულუკიანმა.
გამოძიების მასალების მიხედვით, ხუთ ახალგაზრდას ბრალი ედებოდა 2012 წლის ივნისში ქუთაისში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას "ქართული ოცნების" პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის მატერიალური დახმარების შეთავაზებაში. თუმცა, თეა წულუკიანის განცხადებით, ახალგაზრდების ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა და ამ დრომდე სახეზე იყო პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მომავალ თაობას დაუპირისპირდა.
"პროკურატურა ივნისის თვიდან ეძებდა მოწმეებს. რეალურად ეს ახალგაზრდები იყვნენ მძევლები ხელისუფლების ხელში", - განაცხადა წულუკიანმა.