საქართველოს მთავრობაში შესულ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სამართლებრივი სტატუსი არ ექნებათ, რადგანაც მათ რაიმე გადაწყვეტილების მიღების იურიდიული უფლებამოსილება არ ექნებათ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სამინისტროებში იქნებიან მივლენილნი, რათა გაეცნონ სამინისტროს მუშაობას, დააკვირდნენ მუშაობის სპეციფიკას, რათა ხელისუფლების გადაბარებისას პრობლემები არ წარმოიქმნას.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიცია "ქართული ოცნება", ორშაბათიდან ყველა ძირითად სამთავრობო უწყებაში მიავლენს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ფორმირებამდე გაეცნობა სამინისტროებში არსებულ ვითარებას და მოემზადებიან იმისათვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების იმისთვის, რომ მთავრობის გადაბარება იყოს ყველასთვის უმტკივნეულო. არ დავუშვათ არანაირი შეფერხება ფიანანსურ ინსტიტუტებში, საერთაშორისო ინსტიტუტებში და საზოგადოებრივ მუშაობაში. ასე, რომ ფორმალურად მთავრობის დამტკიცებამდე "ქართულო ოცნების" წარმომადგენლები ყველა სტრუქტურაში მიავლენენ თავიანთ წარმომადგენლებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ გაჩნდება რაიმე ოპერატიული პრობლემა, გვექნება 24-საათიანი კავშირი სამუშაო ჯგუფთან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები არანაირ ოფიციალურ სტატუსებს არ დაიკაევებენ.
"მთავრობის დამტკიცებამდე ეს იქნება სამუშაო ვითარება და სამართლებლივი უფლება მათ არ ექნებათ და ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას რადგანაც ისინი არ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებები", - აღნიშნა უსუფაშვილმა.