გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების" წარმომადგენლის ზურა დანელიშვილის 2 საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. დანელიშვილის განცხადებით, საჩივრები მე-15 ველისციხის და მე-19 ჩუმლაყის საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ ყალბ ბიულეტენებს ეხებოდა.
"არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე დაახლოებით 40 საჩივარი დაიწერა. სავარაუდოდ, ამდენივე საჩივარი ჩანაწერთა წიგნებშია შეტანილი იმ დარღვევებიის შესახებ, რომლებიც კომისიის თავმჯდომარეებმა, მდივნებმა, რეგისტრატორებმა და სხვებმა დაუშვეს. ჩვენ მოვითხოვდით არა უბნების გაბათილებას, არამედ იმას, რომ კომისიას განეხილა ეს საჩივრები და ემსჯელა დამრღვევების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე. საოლქო საარჩევნო კომისიამ არ ისურვა ამ საჩივრების განხილვა. სრულიად ნათელია, რომ ის დარღვევები რასაც ისინი ჩადიოდნენ, საოლქო კომისიის დავალებით ხდებოდა. ამიტომ არის, რომ კომისიებში მუდმივად ერთიდაიგივე ადამიანები არიან. ყალბი ბიულეტელები აღმოჩნდა მე-19 ჩუმლაყის და მე-15 ველისციხის უბნებზე. ჩუმლაყში ნატალია ბეგაშვილმა თვითონაც ნახა გასაყალბებლად გამზადებული ბიულეტენები. მე-15 უბანზე კი კომისიის წევრმა 64 ბიულეტენი აღმოაჩინა, რომელიც ბლოკნოტიდან ყუიანად იყო მოხეული და საარჩევნო ყუთში ნომრიანი ბიულეტენები ეყარა. იმ განცხადებაზე, რომელიც ყალბი ბიულენების აღმოჩენას ეხებოდა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, რომ წერილობითი პასუხი გაგეციო, რომელიც არ ვიცი სად მიპასუხა, არ მინახავს. მე ვფიქრობდი, რომ დღეს უნდა განეხილა და სხდომის დღის სწერიგში შეტანილი არ იყო", - განუცხადა ზურა დანელიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
გურჯაანის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის განცხადებით, დანელიშვილის საჩივრები სამართლებრივად უსაფუძვლოა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს „ქართული ოცნების" წარმომადგენლის ბექა მაისურაძის განცხადებაც, სადაც მითითებული იყო, რომ ვაჩნაძიანში 50-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის გრაფაში ბიულეტენების რაოდენობა 300-ის ნაცვლად 275 იყო დაფიქსირებული. საჩივრის ავტორი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს შორის ბიულეტენების მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის მდივანს გაფრთხილება მიეცემა.
„რაც შეეხება 50-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის გრაფაში მიღებული ბიულეტენების რაოდენობას, ეს არის ტექნიკური შეცდომა. ჩვენ გვაქვს კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტება, რომ ნამდვილად 300 ბიულეტენი მიიღეს. 275 ბიულეტენს ვერ მიიღებდნენ, რადგან ბლოკნოტები არის 50-ის ჯერადი. ჩვენ გაფრთხილება მივეცით 50-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს", - აღნიშნა ნატალია ბეგაშვილმა.
ცესკო-ს მონაცემებით, გურჯაანის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობა 37 338-მა ამომრჩეველმა მიიღო. მაჟორიტარულ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი 51,29%-ით (18 596 ხმა) ლიდერობს, „ქართული ოცნების" კანდიდატს მანანა ბერიკაშვილს 15 810 ხმა (43,6%) აქვს. პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმების 49,33% (17 944 ხმა) მიიღო, „ქართულმა ოცნებამ" კი 45,0% (16 378 ხმა).