საქართველოს საგარეო უწყება ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას მიესალმება. რეზოლუცია 1896 (2012) რუსეთის ფედერაცია ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, შვიდი წლის განმავლობაში ეს რუსეთის ფედერაციის შესახებ პირველი სრულყოფილი მოხსენებაა, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პუტინს მოახდინოს რუსეთში ,,სისტემის დემოკრატიზაცია".
დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ: 1633 (2008), 1647 (2008) და 1683 (2009) რეზოლუციები რუსეთსა და საქართველოს ომის შედეგების შესახებ და უარყოს ქვეყნების დაყოფა გავლენის სფეროებად (ე.წ.,,ახლო საზღვარგარეთი''), ასევე თავი შეიკავოს „პრივილეგირებულ ინტერესთა" ზონების გეოგრაფიული დოქტრინის წახალისებისგან.
რეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პირდაპირი უგულვებელყოფით გახსნა ე.წ. საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. რეზოლუციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის წინასწარი პასპორტიზაცია, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროპის საბჭოს მიერ.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღებას და გამოხატავს რწმენას, რომ საპარლამენტო ასამბლეა შემდგომშიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ევროპული ღირებულებების გავრცელებას", - ნათქვამნია საგარეო უწყების განცხადებაში.
2012 წლის 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საშემოდგომო სესიაზე მიიღო რუსეთის ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუცია 1896 (2012), რომელიც ეყრდნობა რუსეთის ფედერაციაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების გიორგი ფრუნდასა (რუმინეთი) და ანდრეას გროსის (შვეიცარია) ანგარიშს.