დედოფლისწყაროს საოლქო - საარჩევნო კომისიამ კოალიცია „ქართული ოცნების" და დამკვირვებლების 8 საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. კოალიცია რამდენიმე საარჩევნო უბნის, მათ შორის 22-ე ხორნაბუჯის და მე-18 საბათლოს საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.
„ქართული ოცნების" წარმომადგენლის ლია კვაჭაძის განცხადებით, 22-ე ხორნაბუჯის საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში ერთიდაიგივე ამომრჩეველი მიჰყვებოდა და ბიულეტენში საარჩევნო ნომრებს ის ხაზავდა. საოლქო კომისიამ საჩივარი მაინც არ დააკმაყოფილა.
კომისიის თავმჯდომარის დავით ბუჩუკურის განცხადებით, უმჯობესია თუ საკითხს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას ის მიიღებს.
რაც შეეხება საბათლოს საარჩევნო უბანს, „ქართული ოცნების" საჩივრის თანახმად, აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში გაკეთებული ხელმოწერების რაოდენობა გაცემული ბიულეტენების რაოდენობას არ ემთხვევა.
22-ე უბანზე ზაზა კედელაშვილს 256 ხმა აქვს მიღებული, ხოლო ალექსანდრე თამაზაშვილს 156; მე-18 უბანზე ზაზა კედელაშვილს 261 ხმა აქვს მიღებული, ხოლო ალექსანდრე თამაზაშვილს 13.
საჩივრების განხილვის პარალელურად საოლქო კომისიის შენობის წინ „ქართული ოცნების" რამდენიმე ასეული მხარდამჭერი იყო შეკრებილი. ისინი კომისიის წევრებს ობიექტურობისკენ მოუწოდებდნენ.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ზაზა კედელაშვილმა გაიმარჯვა 49,67%-ით (6 895 ხმა). ამომრჩეველთა ხმების 47,56% (6 603 ხმა) მიიღო „ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე თამაზაშვილმა. კედელაშვილი თამაზაშვილს 292 ხმით უსწრებს.