სს "ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდი, უმსხვილესი საპენსიო ფონდი საქართველოში, რომელიც იმართება ერთობლივად შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტისა" და სს "ალდაგი ბისიაის" მიერ, აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის 2012 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, "ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდის ბაზრის წილმა 70%-ს გადააჭარბა.
"ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდის მთლიანი აქტივების ღირებულება მკვეთრად იზრდება უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია მაღალი საინვესტიციო მოგებით და საპენსიო შენატანების სტაბილური ზრდით. 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ თითოეულ მონაწილეზე 2.12 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს 110%-იან სარგებელს სქემის დაფუძნების დღიდან (2005 წლის ივნისი).
"სასიხარულოა, რომ "ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა საპენსიო სქემების ბაზარზე. აქტივების ღირებულების მკვეთრი ზრდა მეტწილად განპირობებულია შენატანების მაღალი მაჩვენებლით, რაც წელს ასევე რეკორდულ ნიშნულზეა", - აღნიშნა "ალდაგი ბისიაის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
"მოხარულნი ვართ, რომ 2009 წელს ბაზრის ლიდერის პოზიციის დამკვიდრების შემდეგ "ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდი განაგრძობს ბაზრის წილის სტაბილურ ზრდას და ფონდის მონაწილეებს სთავაზობს მაღალ შემოსავალს თავიანთ დანაზოგებზე", - აღნიშნა "აბბი ასეტ მენეჯმენტის" გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბეჟუაშვილმა.