მთავრობამ "ტურისტული საწარმოს" სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის №413 დადგენილებით, "ტურისტული საწარმოს" სტატუსი თავისი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებას მათი იჯარით უკან მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ტურისტული საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
პირს "ტურისტული საწარმოს" სტატუსი ენიჭება კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ.
"ტურისტული საწარმოს" სტატუსის მინიჭების მიზნით დაინტერესებული იურიდიული პირი ობიექტის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებამდე განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. სტატუსის მინიჭება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
"ტურისტული საწარმოს" სტატუსის მქონე პირი ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისათვის/ოპერირებისათვის მოწვეული პირის/პირების დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული შემოსავალი ჯამურად (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს ამავე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ღ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრ საკომპენსაციო თანხაზე ნაკლები;
შენობის მთლიანი ფართობის არანაკლებ 30 პროცენტი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრად/აპარტამენტად, რომლის არა უმეტეს 20 პროცენტი შესაძლებელია შემძენთა მიერ გამოყენებული იყოს მუდმივ საცხოვრებლად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა ვრცელდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.